ჩვენს სკოლაში საბაზო საფეხურის პროგრამა (MYP) გულისხმობს მოსწავლეების მიღებას 11-დან 16 წლამდე. ,,ახალი სკოლის’’ მიზანია განავითაროს მოსწავლეებში სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, რომელიც მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება.
საბაზო საფეხურის პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებს იყვნენ კრეატიული, კრიტიკული და რეფლექსიური მოაზროვნეები. პროგრამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აკადემიურ გამოწვევებს და მოსწავლეებს ეხმარება იმაში, რომ მათ შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება. საბაზო საფეხურის პროგრამა მოსწავლეებს უვითარებს კომუნიკაციის უნარს, ასწავლის მათ ინტერკულტურულ ურთიერთობებს და გლობალურ საკითხებში ჩართულობის მნიშვნელობას, რაც XXI საუკუნეში უმნიშვნელოვანესია.
ჩვენი მიზანია გაკვეთილების კონსტრუქციული პროცესის, კვლევა-ძიების, პრეზენტაციების და გასვლითი სამუშაოების საშუალებით ჩამოვაყალიბოთ კრეატიული, დამოუკიდებელი და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებები.
მოსწავლეები ჩართულები არიან საკუთარი სწავლის პროცესში, როგორც მასწავლებლის პარტნიორები. მასწავლებელთა და მოსწავლეთა შეფასებები გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, თუ რას ფიქრობენ ისინი აზროვნების პროცესსა და საკუთარი მუშაობის შედეგებზე. IB-ის საბაზო საფეხურის პროგრამა რვა საგნობრივი ჯგუფისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ინტერაქტიული ზონების მეშვეობით.
მოსწავლეები სწავლობენ მინიმუმ ორ ენას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, მათემატიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ხელოვნებას, სპორტსა და ტექნოლოგიებს.
საბაზო საფეხურის დამამთავრებელ წელს (მე-10 კლასი) მოსწავლეები ამზადებენ პერსონალურ პროექტს, რომელიც კარგად წარმოაჩენს მათ უნარ-ჩვევებსა და მიღებულ ცოდნას.
,,ახალი სკოლის” ქართულ განყოფილებაში, პირველი ენა ქართულია, ხოლო მეორე ენა – ინგლისური. ასევე მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ფრანგული, რუსული და ესპანური ენები, როგორც მესამე ენა.
პროგრამის ხუთი წლის მანძილზე მოსწავლეები ჩართულნი არიან საზოგადოებრივ აქტივობებში სკოლაში და მის გარეთ. ამ აქტივობებით ისინი იძენენ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროებში, სწავლობენ სხვებზე ზრუნვას და გარშემომყოფების პატივისცემას. მოსწავლეები, რომლებიც ყველა საგანში აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, წარმატებით აქვთ შესრულებული პერსონალური პროექტი და ჩართულები არიან საზოგადოებრივ აქტივობებში, პროგრამის მე-5 წლის (მე-10კლასი) ბოლოს იღებენ საბაზო საფეხურის პროგრამის დასრულების სერტიფიკატს.