ძვირფასო მშობლებო, მოგესალმებით!

მადლობას გიხდით ჩვენი სკოლით დაინტერესების გამო. ,,ახალი სკოლა“ პირველი სკოლა იყო საქართველოში, სადაც განხორციელდა საერთაშორისო ბაკალავრიატის სამი პროგრამა-დაწყებითი კლასების, საბაზო სკოლის და სადიპლომო პროგრამები.

ამჟამად ჩვენთან რვაასამდე ოცდათვრამეტი სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე სწავლობს. ვაცნობიერებთ რა, რომ ახალგაზრდების წინაშე მრავალი გამოწვევაა დღევანდელ სინამდვილეში, ვცდილობთ შევაიარაღოთ ისინი კრიტიკული აზროვნებისა და კვლევის უნარებით და განვუვითაროთ პოზიტიური დამოკიდებულება სწავლისადმი ჩვენს თბილ და მეგობრულ გარემოში.    

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ანალოგიურ სკოლებს შორის, 2018 წელს, ევროკავშირმა ჩვენი სკოლა აირჩია, როგორც საპილოტე სკოლა და  უპრეცედენტო პროექტის-აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის პროგრამის განმახორციელებელ საპილოტე სკოლად დაგვასახელა. „ახალმა სკოლამ“ თავის კარი გაუღო 30 საუკეთესო მოსწავლეს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, მოლდავეთის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან. წელს ევროკავშირისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩვენ მივიღებთ კიდევ  35 საუკეთესო მოსწავლეს ამ ქვეყნებიდან.

ჩვენი სკოლის ისტორია 20 წლის წინ დაიწყო, 1999 წელს. 90-იანების საქართველო სამოქალაქო ომში, ეთნიკურ და რეგიონალურ კონფლიქტებში იყო გახვეული, ბარიკადები თბილისის ქუჩებში, დაკარგული ტერიტორიები- ყველაფერმა ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს განათლების სისტემაზე და ფაქტიურად დაანგრია იგი. ეს სწორედ ის დრო იყო, როცა ჩვენ ჩვენი უმცროსი ქალიშვილისთვის სკოლის ძებნა დავიწყეთ. სამწუხაროდ, მაშინ თბილისში კარგი სკოლების დიდი არჩევანი არ იყო და ჩვენც გადავწყვიტეთ ჩვენი სკოლა დაგვეარსებინა.

თავდაპირველად ოცდაათი მოსწავლე და ექვსი ენთუზიასტი მასწავლებელი გვყავდა, მაგრამ სკოლა სწრაფად იზრდებოდა. 2003 წელს სკოლა ბაგებში, თავის ამჟამინდელ შენობაში გადმოვიდა.

არსებობის ოცწლიანი ისტორიის მანძილზე „ახალი სკოლა“ თავის ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს პირველხარისხოვან საერთაშორისო განათლებას სთავაზობს. ჩვენი დღევანდელი წარმატება იმ მრავალრიცხოვანი, თავის პროფესიაში შეყვარებული პედაგოგების, პროფესიონალი ადმინისტრატორების, ერთგული მშობლებისა და ნიჭიერი მოსწავლეების თანამშრომლობის შედეგია, რომლებიც ამ ოცი წლის მანძილზე ასწავლიდნენ, მუშაობდნენ, ან სწავლობდნენ „ახალ სკოლაში“. თითოეულმა მათგანმა თავის პოზიტიური კვალი დაამჩნია ჩვენს სკოლას!

ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების პროგრამა (3-დან 12 წლამდე მოსწავლეებისთვის) წარმოადგენს ძიებაზე დაფუძნებულ კურიკულუმს, რომელიც სწავლების კონცეპტუალურ მიდგომას ეფუძნება, უვითარებს ბავშვს უნარებსა და პოზიტიურ დამოკიდებულებებს. სწავლებისას დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ სწავლობენ და რას სწავლობენ მოსწავლეები. ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ქცევა ზედა რეფლექსიას ნასწავლზე. ჩვენი მასწავლებლები ეხმარებიან ბაშვებს მათი ინტელექტუალური და პიროვნული შესაძლებლობის მაქსიმუმის მიღწევაში.

საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის კონცეფცია სრულად ეხმიანება  ჩვენი სკოლის კონცეფციას. სკოლაში შექმნილია შთამაგონებელი გარემო, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს წარმატებით მოემზადონ შემდეგი საფეხურისთვის-საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამისათვის.

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა, რომელსაც ,,ახალ სკოლაში” ვთავაზობთ ჩვენს მოსწავლეებს, წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსიტეტში მისაღებ კვალიფიკაციას. პროგრამის მიზანია მოსწავლეები აღზარდოს იმ ფასეულობებზე, რომლებიც მათ მომავალში საღ გადაწყვეტილებებს მიაღებინებს, გააზრებულ არჩევანს გააკეთებინებს, გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემით აღავსებს.

16-17 წლის მოსწავლეები მრავალეროვან, მულტიკულტურულ გარემოში სწავლობენ. ჩვენი სკოლის თანამედროვე ენების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს ამოირჩიონ სასურველი ენა შეთავაზებულ ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ, და რუსულ ენებს შორის.

საკუთარი  შვილისთვის სკოლის არჩევა თქვენს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებათა შორის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ეს გვესმის და გარწმუნებთ, რომ თქვენი შვილი ჩვენთან თავისი პოტენციალის მაქსიმუმს გამოავლენს და შეიძლება უფრო მეტსაც მიაღწევს. გეპატიჟებით „ახალ სკოლაში“ რათა გიჩვენოთ ჩვენი სკოლის მიღწევები და გიამბოთ ჩვენი მოსწავლეების წარმატებების შესახებ!

მარინა ჟღენტი

,,ახალი სკოლის " დამფუძნებელი დირექტორი