მოსწავლეები თანამშრომლები Moodle ძებნა
 
დირექტორის მისალმება

”ახალი სკოლა” 1999 წელს დაარსდა. დღიდან დაარსებისა იგი თანაბარ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა აღზრდას და განათლებას, მუშაობის პროცესში იყენებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. 
იმისათვის რომ მოსწავლე XXI საუკუნის მსოფლიოს წარმატებული და ღირსეული მოქალაქე გახდეს, გარდა მაღალი აკადემიური მოსწრებისა, აუცილებელია მისი აღზრდა ისეთ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზე, როგორებიცაა: პატიოსნება, პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, მზრუნველობა, გაბედულობა, კომუნიკაბელურობა, ტოლერანტობა. საჭიროა მას ჰქონდეს კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები, შეეძლოს კვლევა-ძიება და იყოს გაწონასწორებული. სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის საგანმანათლებლო კონცეფცია და ეს გახდა იმის საწინდარი, რომ უკვე 2003 წელს “ახალი სკოლა” საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი კლასების პროგრამის (PYP) დანერგვას შეუდგა. ამავე წელს სკოლა ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატი გახდა.
საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციაში 2012 წლის მონაცემებით 3,485-ზე მეტი სკოლაა გაწევრიანებული მსოფლიოს 143 ქვეყანაში. ამ ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო სტანდარტების სრულ დაკმაყოფილებას.
საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციაში გაწევრიანება,   (განსაკუთრებით მის პირველ და მეორე საფეხურებზე)  რთული და ხანგრძლივი პროცესია.  იგი გულისხმობს მასწავლებელთა გადამზადების ინტენსიურ პროგრამას,  სკოლის სასწავლო პროცესში რიგ ძირეულ ცვლილებების შეტანას,  როგორც მოსწავლეთა ისე მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მუშაობის სტილის,  ძირეული დამოკიდებულებების შეცვლას და მსოფლიოში აღიარებულ ერთიან სტანდარტამდე აყვანას.
2008 წელს “ახალმა სკოლამ“  საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის დაწყებითი კლასების პროგრამის (3-დან 12 წლამდე), 2010 წლის იანვარში ამავე ორგანიზაციის სადიპლომო პროგრამის (XI-XII კლასები) და ამავე წლის გახაფხულზე საბაზო სკოლის პროგრამის (VI-X კლასები)  ავტორიზაცია გაიარა, რაც იმას ნიშნავს რომ “ახალი სკოლა” პირველად საქართველოს ისტორიაში თავის მოსწავლეებს საერთაშორისო განათლების სრულ ციკლს სთავაზობს.
სკოლაში ორი განყოფილება მუშაობს – ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი. ინგლისურენოვან განყოფილებაში მოწვეული ინგლისელი, ამერიკელი, კანადელი, ირლანდიელი მასწავლებლები ასწავლიან. ქართველ ბავშვებთან ერთად სკოლაში 30 სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე სწავლობს. სწავლება ორივე განყოფილებაში საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამებით მიმდინარეობს, განსხვავებული მხოლოდ სწავლების ენებია, ქართული და ინგლისური.
უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, 3-დან 19 წლამდე უწყვეტი საერთაშორისო განათლება, მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო პროგრამები და სახელმძღვანელოები, მდიდარი სასწავლო რესურსები, მასწავლებელთა სისტემატური პროფესიული განვითარება, მაღალი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პედაგოგები, მოწესრიგებული და მშვიდი ატმოსფერო – ეს “ახალი სკოლაა”.

პატივისცემით,

მარინა ჟღენტი

“ახალი სკოლის” დირექტორი 

 

 

 

 
NEW SCHOOL © 2012 PRIVACY POLICY