გირჩევთ, რომ ეს პროცესი დაიწყოთ ,,ახალ სკოლაში’’ ვიზიტით. ჩვენ სიამოვნებით გიმასპინძლებთ, დაგათვალიერებინებთ სკოლას და ვუპასუხებთ თქვენს  კითხვებს. ვიზიტის დასაგეგმად, გთხოვთ მინიმუმ 2 დღით ადრე დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ: admissionsnewschoolgeorgia@gmail.com. 

განაცხადი, მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, მიიღება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.  ჩვენ ვიღებთ მოსწავლეებს, რომელთა აკადემიური, პიროვნული, სოციალური და ემოციური მოთხოვნების დაკმაყოფილება სკოლის პროგრამებსა და შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ.

რათა განისაზღვროს, შეძლებს თუ არა ,,ახალი სკოლა’’ უპასუხოს თქვენი ბავშვის ყველა მოთხოვნას, აუცილებელია მიღების პროცესის ყველა ეტაპი იყოს დასრულებული და შეფასდეს ,,ახალი სკოლის” მიმღები კომისიის მიერ (განყოფილების ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, ოფის - მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი).

სკოლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვა შესაძლებელია გახდეს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე უარის თქმის მიზეზი (მაგ.: სხვა სკოლაში ჩადენილი დისციპლინარული დარღვევა, რომელიც ბავშვის სკოლის შეცვლის მიზეზი გახდა, მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების აუცილებლობა და სხვა). 

განაცხადის შევსება არ ავალდებულებს სკოლას მიიღოს ბავშვი. სკოლის მიმღები კომისია განიხილავს მიღებულ განაცხადს. წარმოდგენილი საბუთების, ჩატარებული გასაუბრების, ან ტესტირების შედეგების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის ჩარიცხვის, გამოსაცდელი ვადით ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ. მოსწავლეები ჩაირიცხებიან შესაბამის კლასში მათი ასაკის გათვალისწინებით. (იხ. ინფორმაცია მოსწავლის ასაკისა და კლასის შესაბამისობის შესახებ). სკოლა იტოვებს უფლებას, თვითონ განსაზღვროს რომელ საფეხურზე ისწავლის ბავშვი. სკოლა წერილობით აცნობებს ბავშვის მშობელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

,,ახალი სკოლის’’ მოთხოვნების მიხედვით აუცილებელია, რომ  ერთ-ერთი მშობელი მუდმივად ცხოვრობდეს თბილისში. იმ შემთხევაში, თუ მშობელი მიემგზავრება ქალაქგარეთ, ან ქვეყნიდან, იგი ვალდებულია აცნობოს სკოლას იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) ვინც მის არყოფნაში დროებით მეურვეობას გაუწევს ბავშვს. მშობელმა უნდა შეავსოს შესაბამისი ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია სკოლის ვებვერდზე ან მიმღებში.

გთხოვთ, ნუ გამოიყვანთ ბავშვს სხვა სკოლიდან მანამ, სანამ არ მიიღებთ ოფიციალურ წერილობით შეტყობინებას, ჩვენს სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.